Accessibility links

logo-print

პარლამენტის წევრები თავდებად უდგებიან თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთ დაკავებულ მაღალჩინოსანს თავდებად უდგებიან პარლამენტის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. დაკავებულთა ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლოს უახლოეს ხანში წარუდგენენ თავდებობის შესახებ 37 პირის მიერ ხელმოწერილ განცხადებას და შუამდგომლობას, რომ ბრალდებულებს პატიმრობა აღკვეთის სხვა ზომით შეეცვალოს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ თავდებობის გარდა არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალოს. ადვოკატის განმარტებით, კომპანია "სილქნეტის" მონაწილეობით სახელმწიფო შესყიდვის საქმის გამოძიება 2014 წლის ივნისში დაიწყო, ბრალის წარდგენა ოქტომბერში მოხდა, დეკემბერში კი, პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადება მოითხოვა. სოსო ბარათაშვილის განცხადებით, გამოძიების დაწყებიდან გასულ რვა თვეში პროკურატურას ყველა მტკიცებულება მოპოვებული უნდა ჰქონდეს და ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებობს პრაქტიკა, როცა მსგავს ვითარებაში აღკვეთის ზომა იცვლება. კიდევ ერთ გარემოებად სოსო ბარათაშვილმა დაასახელა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ ბრალის წარდგენის მოტივი არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროს ხუთ დაკავებულ მაღალჩინოსანს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ოთხ მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისება-გაფლანგვაში ადანაშაულებს. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG