Accessibility links

სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების თავდებობაზე


თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო. როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული განჩინება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გამოიტანა. ადვოკატი მოსამართლის განჩინებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კანონით დადგენილ ვადებში - 48 საათში აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები სასამართლოსთვის მიმართული შუამდგომლობით მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულ ხუთ პირს თავდებში 40-მდე პირი უდგება, მათ შორის, პარლამენტის წევრების ნაწილი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავებიან.

XS
SM
MD
LG