Accessibility links

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა 2015 წლის ბიუჯეტი


უკრაინის უმაღლესმა რადამ ხანგრძლივი სხდომის შედეგად მიიღო 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონი. ბიუჯეტს მხარი დაუჭირა 233-მა დეპუტატმა. საჭირო იყო სულ ცოტა 226 ხმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა დეპუტატებისთვის დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი მიზანია „უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფა“. სწორედ ამიტომ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული „თავდაცვის უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსება“ – 90 მილიარდი გრივნა (5,5 მილიარდ დოლარზე მეტი).უკრაინის 2015 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3,7%-ია, რაც ეფუძნება 13%-იანი ინფლაციის პირობებში უკრაინის ეკონომიკის 4,3%-ით შემცირებას. უმაღლესი რადის სხდომაზე, რომელიც თითქმის ერთ დღეღამეს გაგრძელდა, უკრაინის დეპუტატებმა მიიღეს აგრეთვე კანონი ზოგიერთი სოციალური გასაცემლის გაუქმებაზე, მაგალითად, გაუქმდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობაზე შეღავათები. გარდა ამისა, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იმპორტზე დამატებითი გადასახადის შემოღებას და შეამცირეს ერთჯერადი სოციალური შენატანის რაოდენობა 41-დან 16%-მდე. პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ბიუჯეტზე განაცხადა, რომ ის „შორს არის სრულყოფილებისგან“ და აღნიშნა, რომ დოკუმენტი შეიცვალა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების შემდეგ. უკრაინის სახელმწიფო ვალი ტრილიონ გრივნას აჭარბებს. უმაღლესი რადის სხდომა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG