Accessibility links

logo-print

„ივერია“ მოითხოვს რუსეთის საინფორმაციო ტელეარხების მაუწყებლობის შეზღუდვას საქართველოში


საქართველოში რუსეთის საინფორმაციო ტელეარხების მაუწყებლობის შეზღუდვას და გამოძიების დაწყებას ითხოვს საზოგადოება „ივერია,“ რომელიც საქართველოს მთავრობის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს და დიპლომატებს აერთიანებს. შესაბამისი განცხადებით, ორგანიზაციამ საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართა. "რუსეთის სამხედრო აგრესიას თან სდევს საინფორმაციო ომი, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში. საზოგადოება „ივერია“ მიიჩნევს, რომ საინფორმაციო ომის იდეოლოგიური საფუძველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შეზღუდული სუვერენიტეტის რუსული დოქტრინაა და მოსკოვი ამ ომში აქტიურად იყენებს რუსეთის ტელევიზიის პირველ არხს, Russia Today-ს, НТВ-ს, Россия 24-ს და სხვა არხებს. „ამ ტელეარხების შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ტრადიციულ ჟურნალისტიკასთან, არამედ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან და სადაზვერვო ორგანოებთან მჭიდროდ ასოცირებულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომელთა არსენალშია დეზინფორმაცია, ინფორმაციული აგრესია, ინფორმაციული სპეცოპერაცია და ინფორმაციული ბლოკადა“, - ნათქვამია საზოგადოება „ივერიის“ განცხადებაში. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომსაქართველოს ოკუპაციის და რუსეთის პერმანენტული სამხედრო-ტერორისტული აგრესიის საფრთხის პირობებში ხელისუფლება ვალდებულია, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელ ზომას მიმართოს.

XS
SM
MD
LG