Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დრომდე უცნობია სასულიერო პირის ილია კარტოზიას ადგილსამყოფელი


ამ დრომდე დაუდგენელია ქართველი სასულიერო პირის ილია კარტოზიას ადგილსამყოფელი. ის იმყოფებოდა სამგზავრო ბორანზე „ნორმან ატლანტიკზე,“ რომელსაც ადრიატიკის ზღვაში ხანძარი გაუჩნდა. ბორნიდან ევაკუირებული საქართველოს კიდევ შვიდი მოქალაქე ამჟამად იმყოფება იტალიის ქალაქ ბარიში, სადაც დღეს საკონსულოს წარმომადგენლები მოინახულებენ. ბორანზე, რომელიც საბერძნეთიდან იტალიაში მიემგზავრებოდა, ხანძარი 28 დეკემბერს დილით გაჩნდა. ხუთასამდე ადამიანის ევაკუაციას, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში ძლიერი ღელვა აფერხებდა, თითქმის 48 საათი დასჭირდა. ალბანეთის ნავსადგურ ვლიორას წარმომადგენლებმა როიტერსს აცნობეს, რომ სამაშველო სამუშაოს დროს დაიღუპა ორი ალბანელი მატროსი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ათი ადამიანი, ორმოცამდე კი დაკარგულად ითვლება. იტალიელი პროკურორების განკარგულებით, ბორანს ნავსადგურ ბრინდიძიში ჩაიყვანენ, რათა კატასტროფის მიზეზების დადგინდეს. გრძელდება იმ 38 დაკარგულის ძებნა, რომლებიც გემზე მყოფთა სიაში იყვნენ, მაგრამ ბორნის დოკუმენტაციის სიზუსტეში პროკურატურას ეჭვი ეპარება.

XS
SM
MD
LG