Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეაჩერა საბერძნეთის დახმარება


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ შეაჩერა საბერძნეთის დახმარება ამ ქვეყანაში ახალი მთავრობის შექმნამდე. დახმარება გათვალისწინებულია საბერძნეთის ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამით. ამასობაში, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ გააფრთხილა საბერძნეთი, ნუ გადაუხვევს ეკონომიკური რეფორმის გზიდან. შოიბლეს თქმით, ახალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს დაპირებები, რომელთა საფუძველზეც ვალებში გახვეულ ათენს უცხოეთში დათანხმდნენ 110 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და გერმანელი მინისტრის განცხადებები მოჰყვა ცნობას საბერძნეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მიზეზია ის გარემოება, რომ საბერძნეთის პარლამენტმა მესამედაც წარუმატებლად სცადა ახალი პრეზიდენტის არჩევა და მთავრობა იძულებული გახდა, დათანხმებოდა ახალ არჩევნებს. კენჭისყრა 25 იანვარს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ მემარცხენე პარტია „სირიზას“. ხოლო მისი ლიდერი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ პარტია უარს იტყვის მომჭირნეობის მკაცრ ზომებზე, რომლებსაც ითვალისწინებს საბერძნეთის დახმარების მასშტაბური გეგმა.

XS
SM
MD
LG