Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულომ სტატუსი შეუცვალა სოლოლაკის ქედს


სააგენტოების ცნობით, თბილისის საკრებულომ 30 დეკემბრის სხდომაზე ცვლილება შეიტანა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ამ გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა და საქმიან და საცხოვრებელ ზონად იქცა. გენერალურ გეგმაში ცვლილებას მხარი დაუჭირა 23-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 10. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე თბილისის საკრებულოს სხდომაზე გენგეგმაში ცვლილების შეტანის საკითხის წარმდგენმა, არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა ოთო ნემსაძემ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროშია შესული და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მათგან გამოითხოვონ ეს დოკუმენტაცია. საკითხის განხილვის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის ოთხი მონაწილე - „პარტიზანი მებაღეების“ წევრები პოლიციამ დააკავა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყვნენნატა ფერაძე და მზია ნადარაია, რომლებიც თბილისის საკრებულოს შენობასთან 30 დეკემბერს "პანორამა თბილისის" მშენებლობას აპროტესტებდნენ. "პარტიზანი მებაღეები", სხვა არასამთავრობოებთან ერთად, დედაქალაქში, კერძოდ, სოლოლაკში ზონალური სტატუსების შეცვლის საკითხის გადადებას ითხოვდნენ, რაც, მათი განმარტებით, "პანორამა თბილისის" პროექტს უკავშირდებოდა და ამ პროექტზე საჯარო განხილვების მოწყობას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG