Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ წლის დადგომა ყველგან სიხარულით არ უზეიმიათ


მსოფლიო ახალი, 2015 წლის დადგომას დღესასწაულობს. სადღესასწაულო განწყობილებას ჩრდილი მიაყენა ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში მომხდარმა ტრაგედიამ. სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა და 43-მა ტრავმა მიიღო საახალწლო სეირნობისას მომხდარი ჭყლეტის დროს. ინციდენტი ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე მოხდა შანხაის სანაპირო რაიონში, სადაც ტრადიციულად ასიათასობით ადამიანი ხვდება ხოლმე ახალ წელს. გასულ წელს ლაზერულ წარმოდგენას სამასი ათასი ადამიანი დაესწრო. ეს სახალხო სეირნობები განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებს შორის. როგორც იტყობინებიან, წელს საგანგებო წარმოდგენები გააუქმეს გიგანტური რაოდენობის ხალხის თავმოყრის შედეგად შესაძლო ინციდენტების გამო. იტყობინებიან, რომ დაღუპულთა შორის ბევრი სტუდენტია. მიმდინარეობს ტრაგედიის მიზეზების გამოძიება. ასევე მწუხარე განწყობილებით შეხვდნენ ახალ წელს მალაიზიაში, მას მერე, რაც 28 დეკემბერს კატასტროფა განიცადა მალაიზიის ავიაკომპანია AirAsia-ს სამგზავრო თვითმფრინავმა. ეს ამ ქვეყნის მესამე თვითმფრინავია, რომელმაც კატასტროფა განიცადა 2014 წელს. ამავე წელს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობამ უსახლკაროდ დატოვა 250 ათასი ადამიანი. ერაყის დედაქალაქში ხელისუფლებამ ერთი ღამით შეაჩერა კომენდანტის საათი, რათა ბაღდადის მოქალაქეებისთვის ახალი წლის დღესასწაულში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

XS
SM
MD
LG