Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოხარ ცარნაევის პროცესი ნაფიცი მსაჯულების შერჩევით დაიწყო


5 იანვარს აშშ-ში დაიწყო სასამართლო პროცესი ჯოხარ ცარნაევის საქმეზე. ცარნაევს ბრალად ედება 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონის მიმდინარეობისას აფეთქებების მოწყობა. სასამართლო პროცესი დაიწყო ნაფიც მსაჯულთა შერჩევით. სულ სასამართლოში გამოძახებულია 1200 პოტენციური ნაფიცი მსაჯული, რომელთაგან შეარჩევენ 12 ძირითად და 6 სათადარიგო მსაჯულს. გაზეთ „ბოსტონ გლოუბის“ თანახმად, პროცესის პირველ დღეს ცარნაევი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, ჩუმად იჯდა ბრალდებულის სკამზე და არ ავლენდა არანაირ ემოციას. მოსამართლემ აკრძალა სასამართლო დარბაზში აუდიო და ვიდეო-ჩამწერი ტექნიკის გამოყენება. პროკურატურის მტკიცებით, ჯოხარ ცარნაევმა თავის უფროს ძმასთან - ტამერლანთან ერთად მარათონის ფინიშის ხაზთან აფეთქებები მოაწყო. ტამერლანი მოგვიანებით, პოლიციასთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა მოკლეს. აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაიჭრა. ჯოხარ ცარნაევს ბრალი წაყენებული აქვს 30 პუნქტად, მათ შორის - მკვლელობის მუხლით. ბრალდების მხარეს სიკვდილით დასჯის მიღწევა სურს. მოელიან, რომ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა სამიდან ექვს კვირამდე გაგრძელდება. სასამართლო პროცესის დასრულებას კი რამდენიმე თვე დასჭირდება. თუკი ნაფიცი მსაჯულები ცარნაევს დამნაშავედ ცნობენ, მათვე მოუწევთ სასჯელის ზომის განსაზღვრაც.

XS
SM
MD
LG