Accessibility links

პოლიციას ჩაბარდა "შარლი ებდოზე" თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი


საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესმა“ გაავრცელა ცნობა, რომ 8 იანვარს, დილით ადრე პოლიციას ჩაბარდა ოთხშაბათს პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მოწყობილ თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი - 18 წლის ჰამიდ მურადი. სააგენტოს თანახმად, მურადი ქალაქ რეიმსთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქალაქში ჩაბარდა სამართალდამცავებს. პოლიცია რეიდებს აწარმოებდა ქალაქ რეიმსში. ის ეძებს კიდევ ორ ეჭვმიტანილს - 32 და 34 წლის ძმებს საიდ და შერიფ კუაჩებს. ხუთშაბათს დილით ადრე საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა ძმებ კუაჩების ფოტოები. პოლიციის შეტყობინებაში აღნიშნულია მათი დაკავების ორდერების გაცემისა და იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილები „დიდი ალბათობით, შეიარაღებულები და საშიშები“ არიან. შერიფ კუაჩის ტერორიზმთან დაკავშირებული 2008 წლის ბრალდების გამო, ერთ წელზე მეტი აქვს გატარებული ციხეში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდასხმას „ბარბაროსული“ უწოდა და განაცხადა, რომ 7 იანვარს მთელ რესპუბლიკას დაესხნენ თავს. ოლანდის განცხადებით, 8 იანვარი გლოვის დღე იქნება. პარალელურად, ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში გამართულ მსვლელობებში, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერისკენ იყო მიმართლი. დემონსტრაციების მონაწილეთაგან ბევრს კალმები და ფანქრები ეკავა ხელში „შარლი ებდოს“ 8 დაღუპული თანამშრომლის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად. ოთხი მათგანი კარიკატურისტი იყო.

XS
SM
MD
LG