Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგაში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის აცნობა, რომ აფხაზეთთან „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ გაფორმების შემდეგ რუსეთი აპირებს ცხინვალის საოკუპციო რეჟიმთანაც გააფორმოს „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ამ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა მკაფიო პოზიცია. მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა რეფორმებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის და აცნობა, რომ მთავრობა პროკურატურის რეფორმირებასაც იწყებს. პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პროცედურების დადებითი შედეგით დასრულების შემთხვევაში, მაისში, ევროკავშირის რიგის სამიტზე საქართველოწარმატების მაგალითი გახდება.

XS
SM
MD
LG