Accessibility links

პარიზის ჩრდილოეთით სავარაუდოდ მძევალთა აყვანა მოხდა


საფრანგეთიდან მოსული ცნობების თანახმად, პოლიციის მანქანების სიმრავლეა ჩრდილოეთ პარიზში, სადაც სავარაუდოდ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირებმა მძევლები აიყვანეს. პროკურატურა არ ადასტურებს ცნობებს, თითქოს 9 იანვარს სულ მცირე ერთი პირი დაიღუპა სროლაში, რომელიც მძევლების აყვანას უძღოდა წინ. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. შემთხვევის ადგილიდან გაკეთებულ სატელევიზიო პირდაპირ ჩართვაში ჩანდა პოლიციელთა დიდი კორტეჟი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის მახლობლად, სადაც პოლიციას ბლოკირებული აქვს ტერიტორია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირების დევნის პროცესი. საფრანგეთში, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებაში დაიწყო პოლიციის ოპერაცია მას შემდეგ, რაც იქ სავარაუდოდ გამოჩნდა სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 7 იანვარს თავდასხმაში მონაწილე ორი ეჭვმიტანილი. როგორც იუწყებიან, ორმა შეიარაღებულმა პირმა ბენზინგასამართი სადგური გაძარცვა ვილერ-კოტერეში, და მიიმალა რუხი „რენო კლიოთი“ - იმავე ფერის და მარკის ავტომანქანით, როგორიც სატირულ ჟურნალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირებმა გაიტაცეს. ამ ინციდენტამდე, პარიზის სამხრეთ გარეუბანში დაჭრეს პოლიციელი ქალი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG