Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა: რა მოვუხერხოთ ნაფიც მსაჯულებს


საქართველოს პარლამენტი სულ მალე იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიღების შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულფასოვნად ამოქმედებას ხელს უშლის როგორც მატერიალური, ასევე მთელი რიგი კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორებისა, თუმცა ამ ინსტიტუტის გასაუქმებლად საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რაც, პარლამენტში ძალთა განაწილებისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ძნელად მისაღწევია. რას უწუნებენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და რატომ გადაწყვიტა საპარლამენტო უმრავლესობამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა?

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებს, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მხოლოდ 9 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ამასთან, 2014 წლამდე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი იყო 109-ე, 111-ე და 137-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და გაუპატიურება, თუმცა, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, 2014 წელს ამ ჩამონათვალს დაემატა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულებიც:

„საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში საქმე უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ეს არის მოხელეთა საკმაოდ ფართო წრე. იმ კანონპროექტის მიხედვით კი, რომელიც დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირდა პარლამენტში, ეს ნორმა უნდა გაუქმდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ისე განიხილავს სასამართლო ამ საქმეს, როგორც ადრე განიხილავდა, ანუ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს გარეშე“.

მხოლოდ ერთი ჯგუფის მიმართ ამ უფლების გაუქმება გვაფიქრნებინებს, რომ ეს ცვლილება არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. განსაკუთრებით 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ე.წ. „გელბახიანი-ნიკოლაიშვილის საქმეზე“ აჩენს კითხვებს...
ანა ნაცვლიშვილი

ვახტანგ ხმალაძის თქმით, პარლამენტი კანონპროექტის განხილვას რამდენიმე კვირაში დაიწყებს, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო არ უნდა აჩქარდეს და გადაწყვეტილება სათანადო კვლევისა და დასაბუთების გარეშე არ უნდა მიიღოს. ამასთან, ანა ნაცვლიშვილის აზრით, გარკვეულ კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ ჯგუფთან მიმართებით უქმდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოთხოვნის უფლება.

„მხოლოდ ერთი ჯგუფის მიმართ ამ უფლების გაუქმება გვაფიქრნებინებს, რომ ეს ცვლილება არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. განსაკუთრებით 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ე.წ. „გელბახიანი-ნიკოლაიშვილის საქმეზე“ აჩენს კითხვებს, რომლებიც ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც შეიძლება გაჩნდეს. არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს - თანამდებობის პირებს და თანამდებობის არმქონე პირებს - თუკი ერთსა და იმავე დანაშაულში ედებათ ბრალი, რატომ უნდა ჰქონდეს ერთ ჯგუფს უფლება, რომ ისარგებლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი და მეორე ჯგუფს კი ეს უფლება ბლანკეტურად წაართვას კანონმდებელმა“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ლაპარაკია საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები (N 557, N 571, N 576) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი ნორმატიული შინაარსები კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ფრაგმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებიდან:

შესაბამისი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი საქმე შეიძლება წარიმართოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააფართოვა იმ პირთა წრე, რომელთაც შესაძლოა შეეხოს მსაჯულთა სასამართლო, რაც შექმნის ძალიან სერიოზულ პრობლემებს მართლმსაჯულების პროცესში...
მანანა კობახიძე

„სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით კონსტიტუციურობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნის მიზნებისთვის ბრალდებული პირები, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე (2010 წლის 1 ოქტომბერი), და პირები, რომელთა მიმართ იმავე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ამავე კოდექსის ამოქმედების შემდეგ, წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის განსხვავებული ვადები და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა იწვევდა დიფერენცირებულ მოპყრობას“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაეყრდნო დეპუტატთა ჯგუფი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადებისას:

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

„შესაბამისი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი საქმე შეიძლება წარიმართოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააფართოვა იმ პირთა წრე, რომელთაც შესაძლოა შეეხოს მსაჯულთა სასამართლო, რაც შექმნის ძალიან სერიოზულ პრობლემებს მართლმსაჯულების პროცესში, ვინაიდან ის საქმეები, რომლებიც განხილულია მსაჯულთა მონაწილეობით, ადასტურებს, რომ ძალიან დიდხანს გრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უფლება პრაქტიკულად იზღუდება“.

მანანა კობახიძისა და კანონპროექტის სხვა ავტორთა ამ არგუმენტს იზიარებს იურისტთა ერთი ნაწილი, თუმცა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ გაუგებარია, თუ რატომ გაკეთდა არჩევანი მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებზე:

ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ივანიშვილს და მის გუნდს სასამართლო რეფორმა კი არ აინტერესებს, არამედ მხოლოდ ის, თუ რა გაუადვილებს პოლიტიკური ოპონენტების და, ზოგადად, არასასურველი ხალხის ციხეში ჩასმას...
გიგა ბოკერია

„გაუგებარია, მაინცდამაინც თანამდებობის პირებზე რატომ გაკეთდა არჩევანი და ამ მუხლს რატომ შეეხნენ! ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს არა მარტო ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირთა საქმეებს, არამედ, მაგალითად, მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. რატომ არ მოხდა ამ მუხლის შეზღუდვა და რატომ ხდება იმის? ამის არგუმენტაცია ვერ მოვისმინეთ“.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების მიერ მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების სისხლის სამართლის საქმეების განხილვა შესაძლებელი გახდა მოქმედი პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელიც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ნასაზრდოები იყო პოლიტიკური მოტივით. როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავი ორს“ უთხრა, ამჯერადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს:

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ივანიშვილს და მის გუნდს სასამართლო რეფორმა კი არ აინტერესებს, არამედ მხოლოდ ის, თუ რა გაუადვილებს პოლიტიკური ოპონენტების და, ზოგადად, არასასურველი ხალხის ციხეში ჩასმას. ორი წლის წინ არ ეიმედებოდათ სასამართლო და საზოგადოებრივი აზრის იმედი ჰქონდათ, ახლა, პირიქით, სასამართლოს კონტროლის იმედი აქვთ და ხალხის იმედი აღარ აქვთ ამ საქმეში“.

პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პირველ რიგში, არ ენდობიან ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მანანა კობახიძის თქმით, შემთხვევით არაა, რომ არც ვანო მერაბიშვილს, არც ბაჩო ახალაიას და არც გიგი უგულავას არ უსარგებლია ნაფიცი მსაჯულების სასამართლოთი.

„ამ საქმეებიდან არც ერთი არ არის განხილული ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ასე რომ, თუ ასე ენდობოდნენ ამ სისტემას, თუ ჰქონდათ სურვილი ამ სისტემას ემუშავა, მაშინ გაუგებარია, თვითონ რატომ არ ისარგებლეს ამ სისტემით. ეს არის სპეკულაცია მათი მხრიდან და მე მესმის მათი, რადგანაც ეს სისტემა მათ შემოიღეს და ახლა იცავენ მას, თუმცა თავის დროზე, ამ ინსტიტუტის შემოღებამდე, არ ყოფილა საფუძვლიანი მსჯელობა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, იყო თუ არა მართლმსაჯულების სისტემა მზად ამ სიახლის მიღებისთვის და სხვა. წინა ხელისუფლებამ ეს სიახლე დანერგა მხოლო იმისათვის, რომ დასავლეთისათვის ეჩვენებინა, რომ აპირებს მართლმსაჯულების რეფორმირებას“, უთხრა მანანა კობახიძემ რადიო თავისუფლებას.

მანანა კობახიძის თქმით, ოთხწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებისათვის საქართველოს საზოგადოებასა და მართლმსაჯულების სისტემას შესაბამისი რესურსი არ აღმოაჩნდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეც მიიჩნევს, რომ მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმი, საქართველოს მოსახლეობის სიმცირე და ტრადიციები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებას ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა იმის გამო, რომ მასზე უარის სათქმელად ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს, ანუ 150-დან 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, სულ მცირე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არაფერი ემუქრება. ასეც რომ არ იყოს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ამბობს, მოქალაქეთა მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, მსაჯულთა ინსტიტუტი სასამართლო სისტემაში აუცილებლადუნდა დარჩეს, თუმცა მხოლოდ შეზღუდული წილით, რადგანაც ყველა საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემა სასამართლო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG