Accessibility links

logo-print

ხელისუფლება სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციას იწყებს


სახელმწიფო ქონება

სახელმწიფო ქონება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს იწყებს. პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ პრეზენტაციაგამართა.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესი, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

სააგენტომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი 2013 წლის მარტიდან დაიწყო. აღიწერა თბილისის 15 რაიონი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი. შედეგად, თბილისში გამოვლინდა 625, ხოლო გარდაბანში 122 აღურიცხავი სახელმწიფო ობიექტი (აღმოჩენილი ობიექტების საერთო ფართობი დაახლოებით 5,5 მილიონი კვ.მ-ია). აღნიშნული ქონების პრივატიზებიდან შემოსავალმა კი გასულ წელს 3 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მართლაც შეუძლებელია იმის გარკვევა, რა ქონებას ფლობს სახელმწიფო. დღეისთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, სულ, 329 საწარმო. ქონების ნაწილი ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების მფლობელობაშია. ცალკე თემაა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის 70 პროცენტამდე 2014 წლისთვის არარეგისტრირებულია. დაურეგისტრირებელ მიწებს შორის არის როგორც თავის დროზე დენაციონალიზებული მიწები, ისესახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი.

აღურიცხაობის პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემაფერხებელი ფაქტორია შემდგომი პრივატიზების გზაზე.

არადა, კვლევები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საწარმოთა დიდი ნაწილი არაეფექტურია. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მფლობელობაში 71 საწარმოა. მუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული სახელმწიფო კომპანიების რიცხვი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია, ორგანიზაცია IDFI-ს მონაცემებით, მათგან დღესდღეობით მხოლოდ 15-ია მოქმედი.

საკმაოდ მცირეა პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალიც, კერძოდ: თუ პრივატიზაციიდან მიღებულმა პირდაპირმა შემოსავალმა 2004-2010 წლებში - ანუ როცა პრივატიზების პროცესი განსაკუთრებით დაჩქარებულად მიმდინარეობდა -1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2010 წლიდან ეს მაჩვენებელი შემცირების ტენდენციით გამოირჩევა, რაც ლოგიკურიცაა, რადგან ქონების დიდი ნაწილი გაყიდული იყო. 2011 წელს ბიუჯეტში პრივატიზებიდან შემოვიდა 189 მილიონი ლარი, 2012 წელს - 80.2 მლნ ლარი, 2013 წელს - 77.5 მლნ ლარი.

ბოლო წლებში პრივატიზებიდან შემოსავლების შემცირებაზეასახვა პოვა ასევე 2013 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მიწების პრივატიზებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ.

შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება, მოახდინოს არსებული ქონების აღწერა, რაც ამჯერად, მიწის გარდა, უფრო სხვა ტიპის ქონებას ეხება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან იმავე პრივატიზების პროცესს არა მხოლოდ პირდაპირი ფინანსური ეფექტი აქვს, ბიუჯეტში მობილიზებული თანხის სახით, არამედ პირდაპირ კავშირშია ინვესტიციების ზრდასთან და, შესაბამისად, მშპ-ს ზრდასთანაც, რაც თითოეული მოქალაქის სოციალურ კეთილდღეობაზეც აისახება.

XS
SM
MD
LG