Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა უკრაინაში


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში და „მთელი თავისი გავლენა“ გამოიყენოს საიმისოდ, რომ მათ უერთგულონ 5 სექტემბერს მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებას. სტოლტენბერგი ამ განცხადებებით გამოვიდა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ალიანსს რუსეთთან „თანამშრომლობა სურს და არა კონფრონტაცია“, მაგრამ საიმისოდ, რომ კავშირები გაუმჯობესდეს, ამის სურვილი რუსეთსაც უნდა ჰქონდეს. ამასთან, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მიერ ახლახან მიუმხრობელი ქვეყნის სტატუსის გაუქმებით დაიწყო პროცესი, რომელიც შესაძლოა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით დასრულდეს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით,უკრაინას ნატოში გაწევრიანება თუ სურს, მან უწინარესად მთავარი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს - დემოკრატიული, ღია საზოგადოების არსებობა და ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის უნარის ქონა.

XS
SM
MD
LG