Accessibility links

logo-print

დასავლელი ლიდერები ადასტურებენ ერთიან პოზიციას ექსტრემიზმთან დაპირისპირებაში


აშშ და ბრიტანეთი პირობას დებენ, რომ კვლავაც ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდებიან ისლამისტ ექსტრემისტებს მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში შეიარაღებულმა პირებმა პარიზში დახოცეს 17 ადამიანი, მათ შორის სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ კარიკატურისტები. ერთობლივ სტატიაში, რომელიც გაზეთმა „ტაიმსმა“ დაბეჭდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებენ, რომ არავის მისცემენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებას. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში, არაბული სამყაროს ინსტიტუტში 15 იანვარს გამოსვლისას განაცხადა, რომ საფრანგეთი ყველა რელიგიას დაიცავს. „ასევე უნდა გვახსოვდეს - რასაც მე ვაკეთებ კიდეც ყოველთვის, არაბულ სამყაროში ვიზიტისას, რომ ისლამი თავსებადია დემოკრატიასთან, რომ უარი უნდა ვთქვათ ყველა ცრურწმენასა და დაბნეულობაზე და ეს, პირველ რიგში, საფრანგეთში. ფრანგებს, რომლებიც ისლამს მისდევენ, ისეთივე უფლებები და ისეთივე მოვალეობები აქვთ, როგორც ყველა მოქალაქეს“, განაცხადა ოლანდმა. მისი აზრით, მუსლიმები არიან „ფანატიზმის, ფუნდამენტალიზმისა და შეუწყნარებლობის" მთავარი მსხვერპლი. მანვე საფრანგეთის მკივდრ არაბებს მადლობა გადაუხადა თავდასხმების შემდეგ გამოვლენილი სოლიდარობისათვის. 11 იანვარს საფრანგეთში მილიონობით ადამიანმა მიაგო პატივი მსხვერპლის ხსოვნას.

XS
SM
MD
LG