Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დემონსტრანტებს დაჰპირდნენ, რომ რუსეთს სთხოვენ ჯარისკაცის ერევნისთვის გადაცემას


სომხეთის გენერალური პროკურორი გევორქ კოსტანიანი დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ რუსეთს სთხოვს, ერევანს გადასცეს ჯარისკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია სომხეთში, ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად ექვსი სამოქალაქო პირის დახოცვაში. ექვსივე - ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. იუწყებიან ასევე, რომ გიუმრიში ასობით ადამიანი დაესწრო მათ დაკრძალვას. გამომძიებლების თანახმად, ექვსივე დახოცა რუსმა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. მოკლულებს შორის არის ორი წლის ბავშვი. 15 იანვარს ერევანში რუსეთის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც რუსეთის დროშის დაწვა სცადეს. დაკავებულ იქნა ორი დემონსტრანტი, მათ შორის კინორეჟისორი ტიგრან ხზმალიანი. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა აღიარა, რომ 12 იანვარს მოკლა ექვსი ადამიანი მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზიდან გაიქცა. ის 13 იანვარს რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. 14 იანვარს სომხეთში ასობით ადამიანი შეიკრიბა აქციებზე რუსეთის სამხედრო ბაზასთან და რუსეთის საკონსულოსთან და მოითხოვა, რომ ეჭვმიტანილი სომხეთში იქნეს გასამართლებული.

XS
SM
MD
LG