Accessibility links

logo-print

ენერგეტიკის სამინისტრო: "ენგურჰესი" საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს "ენგურჰესის" კუთვნილების საკითხზე. ინფორმაცია მოლაპარაკების შესახებ აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურ დირექტორზე ასლან ბასარიაზე დაყრდნობით. საპასუხოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ენგურჰესი" მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. „კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა, ჩვენ პასუხიმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშეც და მიუხედავად კონფლიქტის და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, "ენგურჰესი" ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეს“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში. სამინისტროს განმარტებით, "ენგურჰესის" ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ის მონიტორინგს უწევს ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს და საქართველოს მთავრობა ფარავს ექსპლუატაციის სრულ ხარჯსაც.

XS
SM
MD
LG