Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე ვარ შარლი კულიბალი!“


ფართომასშტაბიანი აქცია პარიზში
ფართომასშტაბიანი აქცია პარიზში

გასულ კვირაში საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე, ყველაზე ფართომასშტაბიანი აქციები - ერთიანობისა და სოლიდარობის გამომხატველი მარშები მოეწყო. თითქმის ოთხი მილიონი ადამიანი გამოვიდა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მათ დაგმეს სატირულ გაზეთ „შარლი ებდოზე“ განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საერთო მღელვარება ჯერ ჩამცხრალი არ იყო, როდესაც რამდენიმე დღეში პოლიციამ ფრანგი კომიკოსი, დიოდონე დააკავა ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული სკანდალური სტატუსისთვის. ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

დიოდონე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სადავო რეპუტაციის მქონე კომიკოსია, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ რასიზმსა და ანტისემიტიზმში. სადავო და ბუნდოვანი იყო მისი ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსიც: „მე ვარ შარლი კულიბალი“. ამ გამონათქვამით დიოდონე ერთდროულად მიაკუთვნებს თავს სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოსა“ და აჰმედ კულიბალის, ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც ორ სხვა ტერორისტს დაეხმარა ჟურნალზე თავდასხმის განხორცილებაში და შემდეგ მძევლები აიყვანა ებრაულ მაღაზიაში. იქ მან ოთხი ადამიანი მოკლა.

დიოდონე მალევე დააკავეს - ის ახლაც იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ერიკ მანდონე, საფრანგეთის გაზეთ „ექსპრესის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე პარალელს ავლებს საფრანგეთში სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამართულ მარშსა და დიოდონეს დაპატიმრებას შორის:

„შეიძლება, ზოგმა ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ამბებად აღიქვას. პატარა, მაგრამ მაინც საგულისხმო უმცირესობას საფრანგეთში სოწრედ ეს აღქმა აქვს. პარიზსა და სხვა ქალაქებში სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებიც ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო საფრნაგეთის ისტორიაში. და ვინმემ შეიძლება დიოდონეს წინასწარი დაკავება სიტყვის თავისუფლებას დაუკავშიროს.“

წარმოშობით კამერუნელი დიოდონე საფრანგეთში დიდხანს ითვლებოდა მემარცხენე ბანაკის წარმომადგენლად. მან თავისი კარიერა ებრაელ ელი სემუნთან ერთად დაიწყო. 10 წლის განმავლობაში ისინი ერთად გამოდიოდნენ სცენაზე და ხშირად ხუმრობდნენ ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორებიცაა კანის ფერი, რელიგიური აღმსარებლობა, ეთნიკური წარმომავლობა და ასე შემდეგ. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია - მას შემდეგ, რაც დიდონე მემარჯვენე პარტიებთან და ღიად ანტისემიტურად განწყობილ ადამიანებთან დაახლოვდა - მას „რასისტად“ მოიხსენიებენ. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, დიოდონე რაბინის სამოსში გამოწყობილი მივიდა და ჰიტლერის მსგავსი მისალმებით გაჰყვიროდა „ისრა-ჰაილ“! მანვე მოიგონა ჟესტი, სახელწოდებით „კონელი“, რომელიც ნაცისტების მისალმებას წააგავს: კაცი მარცხენა მხარზე იდებს მარჯვენა ხელს, მარცხენა ხელი კი გაჭიმულია და ქვევით არის მიმართული.

„კონელი“ კერძის სახელწოდებაა, რომელიც კუჭში გასასვლელ სანთელს წააგავს. თავად დიოდონეს თქმით, მას სურს „სიონიზმს უკანალში შესთხაროს კონელი“. იგი ამბობს, რომ ებრაელების საწინააღმდეგო არაფერი აქვს და თავს მიიჩნევს არა ანტისემიტად, არამედ ანტისიონისტად, ანუ ეწინააღმდეგება ისრაელის პოლიტიკას.

დიოდონეს არაერთხელ შექმნია პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან. იყო შემთხვევები, როცა მთავრობა გააუქმა მისი შოუები, საზოგადოებრივი წესრიგისდარღვევის საფრთხის გამო. ძნელია იმის თქმა, სად გადის ზღვარი დიოდონეს უხეშ პროვოკაციასა და კონკრეტული საკითხის მიმართ მისი ნამდვილი დამოკიდებულებას შორის.

ერიკ მანდონეს თქმით: „საჭიროა, დიდი ძალისხმევა დაიხარჯოს ხალხის განათლებაზე. საფრანგეთის ზოგი ქალაქის გარეუბნებში დიოდონე მეამბოხე გმირად აღიქმება, საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ქმედება სრულიად გაუგებარია“.

ფეისბუკში დიოდონეს სტატუსმა მისი ფანები ორად გაიყო: ზოგი აღშფოთებულია მთავრობის ქმედებიც და მას შერჩევით სამართალში სდებს ბროლს, ზოგს კი ჰგონია, რომ დიოდონემ ზღვარს გადააბიჯა.

გამომძიებლები მუშაობენ იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა დიოდონემ საფრანგეთის კანონი, რომელიც ეხება ტერორიზმის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების გამომჟღავნებას.დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დიოდონეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთამოელის და შესაძლოა, ჯარიმის სახით, 118 000 ამერიკული დოლარის გადახდაც მოუწიოს.

საფრანგეთის მთავრობის წევრები აღნიშნავენ, რომ სიტყვის თავისუფლება გამორიცხავს ტერორიზმის წახალისებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა პარლამენტში გამოსვლისას განცხადა, რომ არ უნდა აგვერიოს „შარლი ებდოს“ სატირა დიოდონეს კომენტარში. ვალსის თქმით, „რასიზმი, ანტისემიტიზმი და ტერორიზმის წახალისება არ წარმოადგენს რაიმე პოზიციას - ეს დანაშაულია“. იგი ირწმუნება, რომ საფრანგეთი იბრძოლებს არა მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ, არამედ „მკვლელი სიტყვის“ წინააღმდეგაც.

თავად დიოდონეს არ განუმარტავს, ზუსტად რას გულისხმობდა თავისი სტატუსით. მან ის ფესიბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთ საათში წაშალა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ დიოდონემ, როგორც კომიკოსმა თავი მიაკუთვნა „შარლი ებდოს“, მაგრამ ამავდროულად, როგროც თავადაც მარგინალიზებულმა, იდენტიფიკაცია მოახდინა ტერორისტ აჰმედ კულიბალისთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG