Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICC იძიებს შესაძლო ომის დანაშაულებს პალესტინელთა ტერიტორიებზე


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორები აცხადებენ, რომ დაიწყეს გამოძიება პალესტინელთა ტერიტორიებზე ომის დანაშაულების შესაძლო ჩადენის თაობაზე. ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ბრალდების წარდგენა ისრაელის ან პალესტინელებისთვის. პროკურორმა ფატოუ ბენსუნდამ 16 იანვარს განაცხადა, რომ პირველად მოკვლევას ის „სრული დამოუკიდებლობით და მიუკერძოებლობით“ ჩაატარებს. პალესტინელთა მთავრობამ აღიარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია და მიმდინარე თვეში სასამართლოს მიმართა თხოვნით გამოიძიოს მათ ტერიტორიებზე ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულები მას შემდეგ, რაც ისრაელმა ივნისში ღაზაზე შეტევა განახორციელა. ისრაელი არ არის ამ ჰააგაში განთავსებული სასამართლოს წევრი - მან სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო და მას „სკანდალური“ უწოდა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, გამოძიება „მხოლოდ პოლიტიკური, ისრაელის საწინააღმდეგო მოსაზრებებითაა განპირობებული და წარმოადგენს მცდელობას „ზიანი მიადგეს ისრაელის უფლებას თავი დაიცვას ტერორისგან.“ ისრაელთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს აშშ-ც. 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჯეფ რათკე წერს: „ტრაგიკული ირონიაა ის, რომ ისრაელს, რომელმაც გაუძლო ტერორისტების მიერ მისი სამოქალაქო პირებისთვის და დასახლებული უბნებისთვის ნასროლ ათასობით რაკეტას, ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს.“

XS
SM
MD
LG