საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) შეამცირა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკისა და რეფორმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 20 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის - „მსოფლიოს ეკონომიკური პერსეპქტივა“ თანახმად, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება, 2016 წელს კი - 3,7%-ით. სსფ-მ ორივე წლის ადრინდელი პროგნოზი 0,3%-ით შეამცირა. სსფ-ს უფროსმა ეკონომისტმა ოლივიე ბლანშარმა განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის - ნავთობზე ფასების ვარდნა, გააბათილა ნეგატიურმა ფაქტორებმა - „ბევრ ქვეყანაში კრიზისის გახანგრძლივებულმა მემკვიდრეობამ და ზრდის დაბალმა პოტენციალმა“. განვითარებადი ეკონომიკების პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტიორი - რუსეთის, ნიგერიისა და საუდის არაბეთის. რუსეთის პერსპექტივას აუარესებს მის მიმართ დაწესებული სანქციებიც. სსფ-ს მოელის, რომ რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს 3%-ით შემცირდება, 2016-ში კი - 1%-ით. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში სავალუტო ფონდი ვარაუდობდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მცირედით გაიზრდებოდა. აშშ არის ერთადერთი წამყვანი ეკონომიკის ქვეყანა, რომლის 2015 წლის ზრდის პროგნოზიც სავალუტო ფონდმა 3,1%-დან 3,6%-მდე აწია.
ყველაზე პოპულარული
1