Accessibility links

logo-print

ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის საქმეში საბოლოო ვერსიაზე საუბარი ნაადრევია


„ამ ეტაპზე რაც დადასტურებულია, დიდი ალბათობით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება გამოიწვა სასაფლაოზე მომხდარმა აფეთქებამ“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ. ირაკლი შოთაძის თქმით, იმის გამო, რომ სასაფლაოზე გამნაღმველები მუშაობდნენ, გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ანუ პირველადი საგამოძიებო მოქმედება რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყეს და ეს მუშაობა ეხლაც გრძელდება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იური ვაზაგაშვილის სიკვდილის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მუხლით. ვაზაგაშვილი დღეს მკვდარი იპოვეს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავთან. იური ვაზაგაშვილის შვილი - ზურაბი 2006 წელს, თბილისში მოკლეს სამართალდამცველებმა. ამ გახმაურებული საქმის გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში იური ვაზაგაშვილი, როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებას და სამართალდამცველ ორგანოებს ხშირად აკრიტიკებდა. თუმცა, ირაკლი შოთაზე აცხადებს, რომ ოჯახი თავადაც იყო ჩართული საგამოძიებო საქმეში და ჰქონდა წვდომა ყველა არსებულ მტკიცებულებებთან. „ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე უკვე დასკვნით ფაზაშია, მოგროვილია მთელი რიგი მტკიცებულებები, სადაც ვლინდება გარკვეულ პირთა მხრიდან სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ფაქტები, რაზეც პრკურატურა უახლოეს ხანებში მოახდენს რეაგირებას“, - განუცხადა ირაკლი შოთაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG