Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი რანგის პირველი მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და კუბის წარმომადგენლებმა


კუბის და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამართეს მაღალი რანგის პირველი მოლაპარაკება, ცივი ომის დროინდელ მეტოქეებს შორის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მიზნით. ჰავანაში გამართული მოლაპარაკების პირველი დღე იმიგრაციის საკითხს მიეძღვნა. კუბის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მოუწოდეს გააუქმოს საემიგრაციო პრივილეგიები, რომელთა თანახმად ფაქტობრივად ავტომატურად ხდება კანონიერი ბინადრობის გაცემა ნებისმიერი კუბელისთვის, რომელიც აშშ-ის მიწაზე მოხვდება. თუმცა აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ორდღიანი მოლაპარაკება პირველად იმართება მას შემდეგ, რაც 17 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და კუბის პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ გამოაცხადეს, რომ იმუშავებენ დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე, რომლებიც ვაშინგტონმა 1961 წელს გაწყვიტა. აშშ-ისთვის ობამას მიერ განსაზღვრული კურსი ითვალისწინებს კომუნისტების მიერ მართული კუნძულისთვის 53 წლის განმავლობაში მოქმედი სავაჭრო ემბარგოს და ეკონომიკური სანქციების გაუქმებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 21 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ს ამოძრავებს ეროვნული ინტერესები და არა მოსკოვის გაღიზიანების სურვილი. მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჰავანის პორტში ჩავიდა რუსეთის სადაზვერვო ხომალდი.

XS
SM
MD
LG