Accessibility links

ლონდონში მიმდინარეობს „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციის შეხვედრა


ლონდონში მიმდინარეობს შეხვედრა იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა საწინააღმდეგო კოალიციაში. მოლაპარაკებას მასპინძლობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი. კერიმ „ჩვენი დროების გამოწვევა“ უწოდა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას. წინ ბევრი სამუშაო გველისო, უთხრა მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე. ლონდონის შეხვედრაში მონაწილეობს 21 ქვეყანა იმ 60-მდე სახელმწიფოსგან, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციაში არიან გაწევრიანებულნი. შეხვედრის ფონია მიმდინარე თვეში პარიზში მომხდარი ჯიჰადისტური თავდასხმები, რომლებსაც 17 ადამიანი შეეწირა. პარიზის სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთმა წვრთნა გაიარა ალ-ყაიდის იემენში განთავსებულ დანაყოფთან, მეორემ კი განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებით იყო შთაგონებული. სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის მთავარ თემებს შორის იქნება უცხოელი მებრძოლების საკითხი, შეიქმნება ექსპერტების სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაცვლის ინფორმაციას ექსტრემისტებისთვის მოგზაურობის შეზღუდვის თაობაზე. ევროპოლის შეფასებით, ევროკავშირის 5,000-მდე მოქალაქეა წასული სირიასა და ერაყში, ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG