Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მარიუპოლზე თავდასხმის მსხვერპლს გლოვობენ


უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. 24 იანვარს ამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ მარიუპოლში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიხოცა, 90 მეტი დაიჭრა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები, შუა დღისას წუთიერი დუმილით პატივი სცეს დაღუპულებს, თავდასხმის მსხვერპლს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ყველა სპორტული და სანახაობითი თავყრილობის გაუქმების ბრძანება გასცა. მან დაგმო თავდასხმები და თქვა, რომ ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგრამ, პოროშენკოს თანახმად, უკრაინა კვლავ ერთგული რჩება მინსკში სექტემბერში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებისა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქს 24 იანვარს „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან რაკეტების დაუშინეს სამ წყებად არეალიდან, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. მეამბოხეები აცხადებენ, რომ უკრაინის ძალები დგანან თავდასხმების უკან. ეუთომ განაცხადა, რომ რაკეტები ისროლეს მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფი არეალიდან. მარიუპოლზე თავდასხმები დაგმეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ადმნისტრაცია „ღრმად არის შეშფოთებული“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბოლოდროინდელი დარღვევის გამო. ობამამ ვითარების გამძაფრებაში დაადანაშაულა სეპარატისტები, რომლებიც „რუსეთის მხარდაჭერით, რუსეთის აღჭურვილობით, რუსეთის დაფინანსებით, რუსეთის წვრთნით და რუსეთის ჯარით“ მოქმედებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების საშინელი თავდასხმა შესაძლებელი გახდა რუსეთის უპასუხისმგებლო და სახიფათო გადაწყვეტილების გამო, კვლავ მიეწოდებინა სეპარატისტებისთვის თანამედროვე იარაღის ასეულობით ერთეული.

XS
SM
MD
LG