Accessibility links

logo-print

უკრაინაში ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში


უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის შედეგად. სელეზნიოვმა კიევში გამართულ ბრიფინგზე თქვა ასევე, რომ დაჭრილია 27 სამხედრო მოსამსახურე. ამ წყაროს მონაცემებით, ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მოხდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქაალაქ დებალცევოსთან, რომელთანაც ერთმანეთს კვეთს მეამბოხეების ხელში მყოფი დონეცკისა და ლუგანსკისაკენ მიმავალი გზები. აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები ყველაზე ინტენსიურია მას შემდეგ, რაც შარშან სექტემბერში ზავზე შეთანხმდნენ უკრაინის მთავრობის ჯარები და რუსეთის მომხრე სეპარატისტები. ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე ინციდენტი მოხდა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლში, სადაც 30 ადამიანი შეიწირა სარაკეტო იერიშმა. გაერომ 26 იანვარს განაცხადა, რომ სარაკეტო იერიში განხორციელდა სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან და განზრახ იყო მიმართული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. გაეროს პოლიტიკურმა ლიდერმა ჯეფრი ფელტმენმა ეს თავდასხმა შეაფასა, როგორც "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა“.

XS
SM
MD
LG