Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აშშ-გან მიიღებს 2 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიებს


შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისათვის 2 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიების მიცემას, წელს "მოკლევადიანი სოციალური ხარჯების" დაფარვაში დასახმარებლად. კრედიტზე შეთანხმება კიევში დღეს გააფორმეს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯეკ ლიუმ და უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ. ევროკავშირი კი ამ თვეში 1,8 მილიარდ ევროს დაჰპირდა უკრაინას, მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად. კიევში შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად. 27 იანვარს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს უკრაინის ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში „ძალადობის მნიშვნელოვან ზრდაზე“. თეთრი სახლის განცხადებით, ორი ლიდერი შეთანხმდა ასევე, რომ საჭიროა რუსეთს პასუხი აგებინონ სეპარატისტების მხარდაჭერისა და მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობისთვის. 27 იანვარს ევროკავშირის ლიდერებმა დაავალეს საგარეო საქმეთა მინისტრებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილონ შეხვედრაზე, რომელიც 29 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG