Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურება გლობალურ პროცესებს დაუკავშირა


ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის ბოლოდრონდელ გაუფასურებას გლობალური პროცესის ნაწილი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციას განაპირობებს რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და ამ კონტექსტის გარეშე ვითარების შეფასება არასწორი იქნება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა მაგალითად მოიყვანა ამერიკულ დოლართან მიმართებით ევროპის, ამერიკის და აზიის სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის გაუფასურების პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზეც გამოქვეყნდა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკულ დოლართან მიმართებით ბოლო ხანს მნიშვნელოვნად დაეცა არაერთი ვალუტის კურსი, მათ შორის 22%-ით ევროსი. პრემიერის ინფორმაციით, ქართული ლარი ბოლო პერიოდში 12%-ითაა გაუფასურებული და ამ მხრივ საგანგაშო არაფერი ხდება. „საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ლარის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვნად გაზრდა მოსალოდნელი არ არის. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე უარყოფითი პროცესების გათვალიწინებით 2015 წელი „მაინცდამაინც დალხენილი“ არც საქართველოსთვის იქნება და მთავრობა გამოწვევებს გაათმაგებული მობილიზებით უნდა შეხვდეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს ქვეყანაში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია ჯგუფი, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის წახალისების დამატებით ზომებზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელებს მიმართა, ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე წარადგინონ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხა, რომელიც ეფექტურად არ დაიხარჯება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება

XS
SM
MD
LG