Accessibility links

დონეცკელი სეპარატისტები სამთავრობო ჯარებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებენ


უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები აცხადებენ, რომ ალყაში ჰყავთ მოქცეული დონეცკის ოლქის ქალაქი დებალცევო და მოუწოდებენ უკრაინის სამთავრობო ჯარებს, დაყარონ იარაღი. ამის თაობაზე რუსეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო, რია ნოვოსტი იუწყება თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ ალექსანდრე ზახარჩენკოზე დაყრდნობით. ზახარჩენკომ 30 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრის შემთხვევაში სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ. უკრაინის სამხედრო უწყება უარყოფს ცნობას უკრაინის დაჯგუფების ალყაში მოქცევის შესახებ. აღმოსავლეთ უკრაინაში გააფთრებული ბრძოლების მიუხედავად მხარეები აცხადებენ, რომ მზად არიან გამართონ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში და განიხილონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხები აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ბრძოლაში აპრილიდან მოყოლებული 5100 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG