Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს


საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს "სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონის პროექტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს "მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით". სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების სახელმწიფო რეგულაციის გზით შეზღუდვას ირჩევს, აუცილებელია, აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება. მსგავსი რეგულაცია, ჩვენს რეალობაში, სადაც უმცირესობები და მათი მხარდამჭერი აქტივისტები ხშირად ხდებიან ვერბალური თავდასხმის მსხვერპლნი, ისევ მათთვის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის დაწესების დიდ საფრთხედ არ უნდა იქცეს.სახალხო დამცველის აზრით, კანონის პროექტით შემოთავაზებული ნორმის ფორმულირება დიდი საფრთხის შემცველია. ნორმის მოცემული რედაქცია შეუთავსებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და პრაქტიკასთან - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG