Accessibility links

logo-print

ICJ-მ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ხორვატიისა და სერბეთის სარჩელებზე


მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ხორვატიისა და სერბეთის სარჩელებზე გენოციდის შესახებ. ხორვატიის მთავრობა თვლის, რომ 1991 წელს სერბეთმა განახორციელა გენოციდი ვუკოვარსა და სხვა დასახლებებში. მოგვიანებით სერბეთმა საპასუხო სარჩელით მიმართა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ხორვატიიდან 200 ათასზე მეტი სერბის განდევნის გამო. 1991-1995 წლების ომში, როცა ხორვატია გამოეყო იუგოსლავიას, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიღუპა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ხორვატიამ 1999 წელს მიმართა და სერბები ეთნიკური ხორვატების შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალაქი ვუკოვარი განადგურდა 1991 წელს, როცა ის სერბებს ჰქონდათ დაკავებული. ხორვატიას სურს, რომ სერბეთმა გადაუხადოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც მან მიაყენა „ადამიანებსა და მათ საკუთრებას, აგრეთვე ხორვატიის ეკონომიკასა და ბუნებას“. 2010 წელს სერბეთმა სარჩელით უპასუხა ხორვატიას და განაცხადა, რომ 1995 წელს, ხორვატიის მიერ ტერიტორიის სერბებისგან დაბრუნების ოპერაციის გამო, 230 ათასი ეთნიკური სერბი იძულებული გახდა დაეტოვებინა ხორვატია. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უნდა დაადგინოს არის, თუ არა რომელიმე ქვეყანა, ან ორივე მათგანი დამნაშავე გენოციდში, გენოციდის ხელშეწყობაში, ან გენოციდში თანამონაწილეობაში.

XS
SM
MD
LG