Accessibility links

logo-print

მოსკოვში ციხიდან გამოუშვეს სახელმწიფო ღალატში ბრალდებული მრავალშვილიანი დედა


რუსეთში ციხიდან გამოუშვეს მრავალშვილიანი დედა სვეტლანა დავიდოვა, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. დავიდოვას ადვოკატმა სერგეი ბადამშინმა ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, რომ დავიდოვა მოსკოვიდან გაუსვლელობის ხელწერილით გამოუშვეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. 36 წლის სვეტლანა დავიდოვა 21 იანვარს დააკავეს მოსკოვის დასავლეთით, 240-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ვიაზნაში, სადაც ის მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად ცხოვრობს. დაკავების მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ დავიდოვამ 2014 წლის აპრილში უკრაინის საელჩოში დარეკა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მის სახლთან განთავსებულ სამხედრო პირებს დონბასში გაგზავნას უპირებდნენ. 3 თებერვალს მოსკოვში პარტია „იაბლოკომ“ ჩაატარა პიკეტი დავიდოვას გათავისუფლების მოთხოვნით. მანამდე 40 ათასამდე ადამიანმა მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას, გაათავისუფლონ სვეტლანა დავიდოვა.

XS
SM
MD
LG