Accessibility links

logo-print

გვერდით ნაცრისფერი არარაობა აყუდებულა!


ავტორი: მარიამ კუტუბიძე

თბილი, რბილად განათებული,ტკბილად მოღუღუნე (იმ შემთხვევაში თუ დროის ლიმიტი არ მაჭერს და გამწარებით არ ვკითხულობ რაღაცას) მოცემულობა, დაწნულ, საზურგემომრგვალებულ სკამში საკმაოდ კომფორტულად მოთავსებული ვზივარ და ქვეცნობიერად იქვე, თაროზე დაკეცილი პლედის არსებობა სიმშვიდეს მმატებს. ეჰ, ახლა ერთი სულის მეგობარი მაკლია და ეგაა. თვალებით გავუგებდით ერთმანეთს, სიტყვები არც დაგვჭირდებოდა (კაცმა რომ თქვას საუბარი მაინც აკრძალულია იმ ლურჯბეიჯიანი კაცის მიერ, რომელიც ისე აჭრაჭუნებს ხოლმე „ნესკაფეს“ პაკეტს, აქაოდა სწორედაც „ნესკაფეს“ ვსვამო, დიახაც ჩემი ნებაა და ვსვამო, თუ გინდათ თქვენც დალიეთ კაცო, ვინ გიშლითო).

სამკითხველო დარბაზი- დარბაზს ვერ უწოდებ, უფრო ოთახია, დიახ, უბრალოდ ოთახი, სადაც კითხულობენ და ჩუმად ღუღუნებენ. ხის გალაქული, მაგრამ ნატურალური ფერები უშფოთველ ატმოსფეროს ქმნის და კონცენტრირებას იმ საგნისკენ მიგიმართავს, რომლითაც სწორედ ახლა დაინტერესებულხარ.ოდნავ გაბრუებს კიდეც. ადვილად რომ არ მშივდებოდეს უფრო მეტ ხანსაც დავყოფდი ამ მოცემულობაში, წამოვწვებოდი და სიამოვნებით დავიძინებდი კიდეც, კუთხეში რომ რბილი მოცემულობაა, იმაზე (მაგრამ იმ შემთხვეაში, ეთიკის დაუწერელი ან სადღაც კიდეც დაწერილი კანონები რომ მრთავდეს ნებას).

ასეა თუ ისე, ეს მოცემულობა მე შეგრძნებული და გათავისებული მაქვს, კარგად ვიცი, მას „ლიგამუსის სამკითხველო დარბაზი“ ქვია, მაგრამ ჩემს ყურადღებას ერთი უმნიშვნელო(როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მართლაც უმნიშვნელო) დეტალი იქცევს- ხის წაბლისფერი კარი. კარი ჩვეულებრივ დახურულია, მაგრამ არც თუ იშვიათად დამინახავს თუ როგორ გამოდის ვიღაც ქუსლებიანი, გამოდის სერიოზული სახით კარს იქითა მოცემულობიდან, დამინახავს სხვებიც- ქუსლების გარეშე, დამინახავს როგორ ჩამოდიან ხის კიბეზე და მიზანმიმართულად ამ კარისკენ მიმართულები, პრინციპულად კარს იქით შეაბიჯებენ და სწრაფი ხელის მოძრაობით გამოიჯახუნებენ ხსენებულ წაბლისფერ მასალას. მე კი ვზივარ ოთახის ატმოსფეროს შერეული და ბუნდოვნად რაღაცას ვკითხულობ, უფრო სწორად ვკითხულობ და გარემოს ბუნდოვნად აღვიქვამ, ოდნავ გაბრუებული, თვალის გუგებით, ოდნავ ნორმაზე მეტად ზემოთ ატრიალებული თუ ქუთუთოებით ნორმაზე მეტად ქვემოთ ჩამოშვებული -ზუსტად ვერ გეტყვით. ვკითხულობ, რაღაც სასიამოვნოს, ხანდახან კი კიბეზე ჩამომავალი და კიბისკენ მიმავალი ხალხისკენ ვაპარებ თვალს, კარს აღარ ვუყურებ, მას მაინც სწრაფად იხურავენ. ვცდილობ რაღაც კანონზომიერება დავადგინო, რომ როგორმე გავშიფრო რა იმალება საიდუმლო კარს მიღმა, თუმცა ვერაფერ მსგავსს ვერ ვპოულობ, ხალხი განსხვავებულია, ვერ გამოყოფ ერთ რომელიმე ტიპს (თუ არ ჩავთვლით, რომ უმეტესად ახალგაზრდები არიან, თუმცა რამოდენიმე შუა ხნის და ერთი აქანდაზიანიც იყო-დამლაგებელი). ჩემი ფიქრები კარს მიღმა არსებულს მაინც რაღაც აკადემიურს უკავშირებს. თუ ლიგამუსის ხსენებული მოცემულობის ბზინვარებასა და სანიმუშო წესიგს გავყვებით, კარს იქითაც ფეხქვეშ ისევ ეს ბზინვარება მოგვყვება, კრიალა ავეჯი და რაღაც სამმართველო- აი, ეს წარმომიდგენია. ის რამოდენიმე შუა ხნის ქალბატონი შტატიანი თანამშრომლები გახლავთ, ახალგაზრდობის მომეტებული ნაკადი კი დამხმარე პერსონალი, ან ჩემგან განსხვავებით უნივერსიტეტის სტრუქტუაში კარგად გათვითცნობიერებული, წარმატებული სტუდენტობა...ქსეროასლებს იღებენ, წიგნებს კრავენ, ახარისხებენ ან რაღაც ეგეთი. ეჭვი არ მეპარება რომ ყველა ესენი, რაღაცით დაწინაურებულნი (ჩემთან შედარებით მაინც) თავიანთ საქმეს ორგანიზებულად უძღვებიან. სჯობს თავი დავანებო ამაზე ფიქრს, როცა იქნება, რომელიმე საქმის ძალით მომიწევს ამ კარს მიღმა შესვლა და საიდუმლოსაც ფარდა აეხდება.

-ოჰ, მარი?! გძინავს?

-ნათი?! არა, რა მძინავს ასე ვკითხულობ , უფრო მოსახერხებელია თავი სკამზე რომ მიდევს.

-ფეხსაცმელებით გიცანი. კაი, წავედი. დამელოდე გოგო!

-მოიცა! მოიცა! მაქეთ გადიხართ?- რამდენი ხანია მანდ მინდა გასვლა, რა არის მანდ?

გავაღე ჩემი იდუმალი წაბლის კარი და...არაფერი. ნაცრისფერი სიცარიელე. მუყაოს ახოხოლებული ყუთები. მარჯვნივ ფანჯარა-უღიმღამო და უფერული, ერთი ის აქვს საინტერესო, რომ გზაზე მიმამავალ-მომავალ ხალხს შეგიძლია დაუწყო უჩუმრად თვალიერება, ჩემი დაკვირვებით ისინი ვერ დაგინახავენ. თანაც იქვე გამათბობელი გითბობს მუცელს. მშვენიერია, ამ მოცემულობასაც მარტივად გავუშინაურდი, მაგრამ ეს შემდეგ იყო, ახლა კი წყურვილი მკლავს გავიგო რა არის ამ ნაცრისფერი სიცარიელის მიღმა. მეორე კარიც გავაღეთ და ...არაფერი, აქაც უწესრიგო მოწყენილობა, ნაცრისფერი, უხიაგო, აქ სითბოც არაა და ნაცნობი მჟავე სუნიც იგრძნობა, კუთხეში რეზინის ხელთათმანები, რაღაც სახეხი მოწყობილობანი...ღმერთო ჩემო! აი შენი მოცემულობა- შენ მეტად მარტივი, ფილოსფიური შინაარსისგან სრულიად დაცლილი, თუმცა ობიექტურად რომ შევხედოთ, შენი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისათვის დამაკმაყოფილებლად აგებული დაწესებულების პირისპირ დგახარ. დიახ, სწორედაც „ტუალეტის“ პირისპირ, რომლის ერთ-ერთ კარზეც უცნობი ლოგიკის ძალით შემდეგი წარწერა გაუკეთებიათ: „დიდი სპილო“. დიახ, შიგნით უნიტაზები დგას, კარებს შიგნიდან დაჟანგებული საკეტები აქვთ და თუ გაგიმართლა სადმე ტუალეტის ქაღალდიც იდება. ღმერთო, ეს ხომ შეურაცხყოფაა! განა ასე ხდება ცხოვრებაში? ვითომ რას ელი, რას არ ელი სულერთია სამყაროს ობიექტური გონისთვის? რას ამბობ- მოცემულობა მოცემულობაა და არა აქვს მნიშვნელობა როგორ გაიაზრებ შენ მას?! შენ, უმაღლესი და უზადესი მოაზროვნე ქმნილება! და თბილი მოცემულობა? ბზინვარე იატაკი? სად? და როგორ?-როცა მის გვერდით ეს ნაცრისფერი არარაობა აყუდებულა. არა! ეს შეურაცხყოფაა!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG