Accessibility links

logo-print

უკრაინის ორი სამხედრო დაიღუპა მარიუპოლთან


ოთხშაბათს უკრაინის ორი სამხედრო დაიღუპა დონეცკის ოლქში, მარიუპოლთან ბრძოლაში. უკრაინული სააგენტო - „უკრაინის ნაციონალური ამბები“ (УНН), „აზოვის“ პოლკის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებს ამ ინფორმაციას. დაჭრილებზე მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. 4 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში სეპარატისტები ცეცხლს უშენდნენ მარიუპოლის აღმოსავლეთ მისადგომებსა და დასახლებებს - შიროკინოსა და პავლოპოლს. უკრაინული სააგენტოს ცნობით, დებალცევოსთან საარტილერიო ცეცხლში მოყვა დევნილების კოლონა, რომელსაც სამართალდამცავები აცილებდნენ. ამ შემთხვევაში არავინ დაშავებულა. ოთხშაბათს დებალცევოდან 168 ადამიანი გაიყვანეს. სააგენტო „უკრაინის ნაციონალური ამბების“ თანახმად, სეპარატისტები მთელი დღის განმავლობაში ბომბავდნენ დებალცევოს საცხვორებელ კვარტლებს. ადამიანები თავს სარდაფებს აფარებენ. 4 თებერვალს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სპეცოპერაციის შტაბის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ ყველაფერი სეპარატისტებზეა დამოკიდებული - ისინი ყოველთვის არღვევენ 5 სექტემბერს მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებულ პირობებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი მაკეევი თავის „ტვიტერის“ გვერდზე შეუერთდა ეუთოსა და ევროკავშირის მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მაკეევმა აგრეთვე დაწერა, რომ კიევი ელოდება რუსეთის მხარდაჭერას ცეცხლის შეწყვეტის საქმეში და მის შესაბამის ზემოქმედებას სეპარატისტებზე.

XS
SM
MD
LG