Accessibility links

logo-print

მინდია ჯანელიძე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს


4 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალებზე და მიღწეულ პროგრესზე. თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრისას, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა დაადასტურეს, რომ პაკეტის პრაქტიკული განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების გაზიარებას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. "შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. იენს სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თავის მხრივ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში", - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

XS
SM
MD
LG