Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური: გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ


არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ჟურნალისტების შეკითხვას, გულისხმობს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას, მინისტრმა უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება, თუ სხვა მოძრაობა მნიშვნელობა არ აქვს. „ამ შემთხვევაში არ დავაკონკრეტებ და არ დავუშვებთ უკრაინის მსგავს არეულობას“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შს-თა მინისტრის განცხადების გამო პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა უკვე არსებულ დესტაბილიზაციად შეაფასა უმუშევრობა, მომატებული ფასები, ბიუჯეტის სეკვესტრი და ლარის დევალვაცია. თაქთაქიშვილის შეფასებითვე, მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, რომ პოლიცია პოლიტიკისგან გამიჯნულია, შს-თა ახალი მინისტრი ადასტურებს, რომ მისი ერთადერთი დავალება და საქმე ნაციონალური მოძრაობის დევნაა. თავის მხრივ, ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დესტაბილიზაციის მსურველებზე საუბრისას კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა არ უგულისხმია. „მე არ მიხსენებია ნაციონალური მოძრაობა, ვთქვი, რომ არსებობს სხვადასხვა ძალა, რომელსაც არ დავაკონკრეტებ და მაინცდამაინც პარტიებს ნუ გულისხმობთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს შს-თა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ძალა, რომელსაც სურს არეულობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან.

XS
SM
MD
LG