Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი


საქართველოს მთავარი პროკურატურის თანახმად, დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად ედება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოწყობა. მკვლელობა მიმდინარე წლის 20 იანვარს მოხდა, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში. იური ვაზაგაშვილი ემსხვერპლა შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოსვლას. პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დაკავებულია გია სოსანაშვილი, რომელიც პოლიციის თანამშრომელია. პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ სოსანაშვილი 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და მისი “დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს.” გამოძიება გრძელდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით. იური ვაზაგაშვილის ვაჟი, ზურაბ ვაზაგაშვილი, 2006 წლის 2 მაისს ემსხვერპლა პოლიციის სპეცოპერაციას. მიმდინარე წლის 2 თებერვალს პროკურატურამ თითქმის 9 წლის წინანდელი ოპერაცია გამოაცხადა სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ "შეიარაღებულ თავდასხმად" და განაცხადა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ემსხვერპლა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას შურისძიებას.

XS
SM
MD
LG