Accessibility links

სასამართლო დღეს იმსჯელებს სოსანაშვილისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხზე


თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციელის, გია სოსანაშვილისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხზე. საქმის მასალების გასაცნობად დილიდან პროკურატურაში იმყოფება ბრალდებულის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე. მან ჟურნალისტებს დღეს კვლავ განუცხადა, რომ გია სოსანაშვილი დანაშაულის ჩადენას უარყოფს და შესაბამისად, ბრალს არ აღიარებს. საქართველოს პროკურატურამ 8 თებერვალს განაცხადა, რომ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელსაც ოფიციალურად წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდება. ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად პროკურატურამ დაასახელა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე ექსპერტიზის შედეგად აღმოჩენილი დნმ-ის კვალი, რომელიც გამოძიების ინფორმაცით, გია სოსანაშვილს ეკუთვნის. მისმა ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ დღეს განაცხადა, რომ ბრალდებულთან და მისი ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG