Accessibility links

logo-print

მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებები გაგრძელდება


უკრაინის მედია უარყოფს რუსეთის სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის რეგულირების საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მინსკში შეხვედრის შედეგებზე. სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ 10 თებერვალს მინსკში არ მიუღიაღ გადაწყვეტილებები და მოლაპარაკებები ამ ფორმატში 11 თებერვალსაც გაგრძელდება. მანამდე „ტასმა“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა მოახერხეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მისი კონტროლის მექანიზმებზე შეთანხმება. და რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა შეათანხმეს ურთიერთშეხების წერტილებიდან მძიმე შეიარაღების გატანის სქემა. „ინტერფაქსმა“ მოიყვანა დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელ დენის პუშილინის სიტყვები: „საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს გადავეცით ჩვენი წინადადებები, დაველოდებით მათ პასუხს“. უკრაინის მედიის თანახმად, სეპარატისტების წინადადებები მოლაპარაკებებზე არც კი განხილულა. საკონტაქტო ჯგუფის 10 თებერვლის მინსკის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, კიევში რუსეთის ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა, ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ, აგრეთვე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა. მოლაპარაკებების წინა რაუნდი ბელორუსიის დედაქალაქში 31 იანვარს გაიმართა, თუმცა შედეგი არ მოუტანია.

XS
SM
MD
LG