Accessibility links

logo-print

ნაზარბაევი „ბარბაროსულს“ უწოდებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა „ბარბაროსული“ უწოდა რუსეთისათვის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც, ნაზარბაევის თქმით, ზიანს აყენებს ყაზახეთს. მანვე მოითხოვა ყაზახეთის ეკონომიკის „დედოლარიზაცია“. ყაზახეთის პრეზიდენტმა 11 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი, ისევე როგორც ყაზახეთი, „ღირსეულად“ დააღწევს თავს ეკონომიკურ სირთულეებს. ნაზარბაევის ეს განცხადებები მიანიშნებს ცვლილებაზე მის პოზიციაში მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში აკრიტიკებდა მოსკოვს უკრაინაში მოქმედებისთვის - კერძოდ შედეგების გამო, რომლებიც ყაზახეთისა და "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" სხვა წევრებისთვის მოჰყვა უკრაინის საკითხში რუსეთის ნაბიჯებს. ნაზარბაევის განცხადებით, განვლილი წლის განმავლობაში რუსული რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ ყაზახური კომპანიები დააზარალა. პრეზიდენტმა ეროვნულ ბანკს დაავალა, მიმართოს ზომებს ყაზახეთის ეკონომიკის „დედოლარიზაციისათვის“ და მოქალაქეებსა და კომპანიებს მოუწოდა, ყაზახურ ტენგეზე გადაცვალონ დოლარები.

XS
SM
MD
LG