Accessibility links

logo-print

მერკელი: გაჩნდა „იმედის ნაპერწკალი“


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მინსკში განაცხადა, ახლა იმედის ნაპერწკალი გაჩნდა უკრაინასთან დაკავშირებითო, თუმცა დასძინა, რომ მას ილუზიები არ აქვს და გასაკეთებელი ძალიან ბევრი რამ რჩება. მერკელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო. მინსკში ოთხშაბათს საღამოს დაწყებული მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო უკრაინაში მიმდინარე ბრძოლის შეჩერების გზების გამონახვა, შეთანხმებით დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ზავი 15 თებერვალს ამოქმედდება და კონფლიქტის ზონიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ზავის ამოქმედებიდან ორ დღეში უკრაინის ტერიტორიიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას, ასევე გაყვანილი იქნება უცხოეთის ყველა ჯარისკაცი და სამი კვირის განმავლობაში გაათავისუფლებენ ყველა „მძევალს.“ პოროშენკოს განცხადებით, რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლდება უკრაინელი პილოტი, ნადია სავჩენკოც. ამასთან, პოროშენკო აცხადებს, რომ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, უკრაინის სასაზღვრო ძალები რუსეთთან უკრაინის საზღვარზე კონტროლს 2015 წლის ბოლომდე აღადგენენ. პოროშენკოსგან და პუტინთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი. მოლაპრაკების დასრულების შემდეგ ოლანდმა განაცხადა, რომ ოთხმა ლიდერმა კრიზისის გადაჭრის გზა გამონახა, რაც ევროპას შვებას მოუტანს, უკრაინას კი იმედს.

XS
SM
MD
LG