Accessibility links

logo-print

პოროშენკო: ულტიმატუმებს არ დავყევით


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მინსკში განაცხადა, ახლა იმედის ნაპერწკალი გაჩნდა უკრაინასთან დაკავშირებითო, თუმცა დასძინა, რომ მას ილუზიები არ აქვს და გასაკეთებელი ძალიან ბევრი რამ რჩება. მერკელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო. მინსკში ოთხშაბათს საღამოს დაწყებული მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო უკრაინაში მიმდინარე ბრძოლის შეჩერების გზების გამონახვა, შეთანხმებით დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ზავი 15 თებერვალს ამოქმედდება და კონფლიქტის ზონიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიიდან ასევე გაყვანილი იქნება უცხოეთის ყველა ჯარისკაცი და სამი კვირის განმავლობაში გაათავისუფლებენ ყველა „მძევალს.“ პოროშენკოს განცხადებით, რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლდება უკრაინელი პილოტი, ნადია სავჩენკოც. „მოლაპარაკება ძალიან ხანგრძლივი იყო, 18 საათზე მეტი მოიცვა. შეიძლება ვთქვათ, რომ პირველ ეტაპზე წარმოგვიდგინეს მრავალი მიუღებელი [პროექტი] ძალების გაყვანაზე, თავის დანებებაზე და ა.შ. ჩვენ არც ერთ ულტიმატუმს არ დავყევით და მივაღწიეთ უახლოეს ხანში ზავის გამოცხადებას“ - განუცხადა მან უკრაინელ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამასთან, პოროშენკოს თქმით, ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, უკრაინის სასაზღვრო ძალები რუსეთთან უკრაინის საზღვარზე კონტროლს 2015 წლის ბოლომდე აღადგენენ. პოროშენკოსგან და პუტინთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი.

XS
SM
MD
LG