Accessibility links

ეგვიპტეში გაათავისუფლეს „ალ-ჯაზირას“ რეპორტიორები, ბრალდება ძალაში რჩება


ეგვიპტის სასამართლომ გაათავისუფლა კომპანია „ალ-ჯაზირას“ ორი ჟურნალისტი, მუჰამედ ფაჰმი და ბაჰერ მუჰამედი, მას შემდეგ, რაც მათ ციხეში 400 დღეზე მეტი დაჰყვეს - თუმცა მათთვის წაყენებული ბრალდებები არ მოხსნილა. კანადის მოქალაქე ფაჰმის გირაოს სახით 32,765 ამერიკული დოლარი გადაახდევინეს, ეგვიპტის მოქალაქე მუჰამედისთვის კი გირაო არ შეუფარდებიათ. ჟურნალისტები გაათავისუფლეს სასამართლოს ხელახალი პროცესის გახსნისთანავე. მათ ბრალად ედებათ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება და ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერა. შემდეგი პროცესი 23 თებერვალს უნდა გაიმართოს. ორი კვირის წინ დეპორტაცია გაუკეთეს ჟურნალისტების ავსტრალიელ კოლეგას, პიტერ გრისტს - ის გაათავისუფლეს ახალი ბრძანების გამოსვლის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტს უცხოელების დეპორტირების უფლებას აძლევს. ფაჰმიმ ახლახან უარი თქვა ეგვიპტის მოქალაქეობაზე, რათა მისი დეპორტაციაც გახდეს შესაძლებელი. სამ ჟურნალისტს შარშან ზაფხულში შეუფარდეს თავისუფლების სულ მცირე შვიდი წლით აღკვეთა. ხელახალი სასამართლო 1 იანვარს გაიმართა. მათთვის გამოტანილმა განაჩენებმა საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG