Accessibility links

logo-print

მინსკში ხელი მოეწერა უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას


უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიღწევას წინ უძღოდა ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართული, ხანგრძლივი მოლაპარაკებები. უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებენ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ზავის 15 თებერვალს ამოქმედებას, მძიმე შეიარაღების გატანას და უსაფრთხოების ზონის დაარსებას. როგორც იუწყებიან, შეთანხმებას ასევე ხელი მოაწერეს უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში მოქმედი, პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა. პოროშენკოს თქმით, დოკუმენტი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რეგიონებს არ ანიჭებს ავტონომიას და უკრაინის მიერ 2015 წლის ბოლომდე თავის საზღვრებზე კონტროლის აღდგენას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უცხოელი სამხედროს გაყვანას. პოროშენკოს თქმით, შეთანხმებაში გათვალისწინებულია ორივე მხარის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლება სამი კვირის ვადაში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, შედგა შეთანხმება რუსეთის ციხიდან უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს გათავისუფლების თაობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებაში პოროშენკოსთან და პუტინთან, რუსეთის ლიდერს მადლობა გადაუხადა მეამბოხეთა ლიდერებზე „ზეწოლის“ მოხდენისთვის. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლას აპრილის შემდეგ ემსხვერპლა 5,350-ზე მეტი ადამიანი, ასი ათასობით პირი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

XS
SM
MD
LG