Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სიფრთხილით უყურებს მინსკის შეთანხმების შესრულებას


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ დააწესებს ახალ სანქციებს, თუკი უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმება სრულად არ განხორციელდება. მინსკში 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმება 15 თებერვალს, 00:00 საათიდან უნდა ამოქმედდეს. ევროკავშირი სიფრთხილით უყურებს შეთანხმების შესრულებას. ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის არაოფიციალური სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ, ვიდრე მოსკოვის მიმართ დაწესებული სანქციების გადახედვაზე იფიქრებენ, მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები უნდა შეასრულოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ ზეწოლის შენარჩუნება იმისათვის, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა „ჩვენი რწმენა პრეზიდენტ პუტინის კეთილ ნებაში მწირია და ამიტომაც სანქციების შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა შევცვალოთ“. ევროკავშირმა 16 თებერვალს უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაუწესებს, თუ არა სავიზო აკრძალვას და გაუყინავს თუ არა ანგარიშებს რუსეთის კიდევ 19 მოქალაქესა და უკრაინელ სეპარატისტს, აგრეთვე 9 კომპანიას. ეს დამოკიდებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე.

XS
SM
MD
LG