Accessibility links

logo-print

აშშ: უკრაინაში სეპარატისტები ისევ იღებენ იარაღს რუსეთიდან


აშშ რუსეთსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს ადანაშაულებს აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად დადებული შეთანხმების საწინააღმდეგო ქმედებაში. სახელმწიფო დეპარატმენტის პრესმდივნის, ჯენ საკის განცხადებით, რუსეთმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა ქალაქ დებალცევოსთან, დიდი რაოდენობით არტილერიასთან და სარაკეტო სისტემებთან ერთად. „ძალიან შეშფოთებული ვართ განუწყვეტელი ბრძოლით კონტაქტის ხაზის გასწვრივ და მის მიღმა, რაც მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს და ცნობებით, რომ ბოლო დღეებში რუსეთის საზღვრიდან ხდება დამატებით მომარაგება ტანკებით და სარაკეტო სისტემებით“, განაცხადა ჯენ საკიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. მინსკში ხელმოწერილი დოკუმენტით განსაზღვრული ზავი ამაღამ შევა ძალაში. მანამდე კი მეამბოხეებმა გააქტიურეს იერიშები უკრაინის შენაერთებზე დებალცევოში, რომელიც მეამბოხეების მიერ დაპყრობილ დონეცკსა და ლუგანსკს შორის მდებარეობს. ძალადობა ასუსტებს იმედს, რომ მხარეები დაიცავენ ზავს, რომელზეც 12 თებერვალს მინსკში მიაღწიეს თანხმობას უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა.

XS
SM
MD
LG