Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი შეხვდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომელთაგან ერთი-ერთი 23 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს პარლამენტს. შეხვედრაში მონაწილეობდა 28 კანდიდატიდან თითქმის ყველა - 27 პირი. შეხვედრაზე პრეზიდენტმა მათი პროგრამები მოისმინა. კრიტერიუმებს შორის, რომლებიც, პრეზიდენტის აზრით, უნდა დააკმაყოფილოს უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, არის პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფლება. „პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე, ხშირად, ძალიან ხშირად დამოკიდებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებებზე, მაგრამ ის, რაც ასტაბილურებს ხშირად ამ ძალიან ცვალებად გარემოს და გარემოებებს, რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არიან პარლამენტარები ზაქარია ქუცნაშვილი და შალვა შავგულიძე, ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე – ანა დოლიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.

XS
SM
MD
LG