Accessibility links

logo-print

დანიაში მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას, რომლის მოტივიც შესაძლოა მუჰამედის კარიკატურებს უკავშირდებოდეს


დანიის დედაქალაქში დაუდგენელმა პირებმა ესროლეს შენობას, რომელშიც მიმდინარეობდა დისკუსია ისლამისა და გამოხატვის თავისუფლების თემებზე. დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, დაიჭრა სამი პოლიციელი. როგორც იუწყებიან, ეძებენ ორ შეიარაღებულ პირს. კოპენჰაგენში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ შვედი ხელოვანი ლარს ვილკსი, რომელიც- წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ავტორია და დანიაში საფრანგეთის ელჩი ფრანსუა ზიმრე. ფრანგმა დიპლომატმა, რომელსაც არაფერი დაშავებია, სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თავდასხმისას გარედან ისროლეს და ვერ შეძლეს შენობაში შესვლა. იუწყებიან, რომ არ დაშავებულა არც კარიკატურისტი ლარს ვილკსი. ცნობების თანახმად, შენობას, სადაც დისკუსია იმართებოდა, 40-მდე ტყვია დაუშინეს. ვილკსმა 2007 წელს გამოიწვია აზრთა სხვაობა მუჰამედის კარიკატურით. წელს იანვარში ისლამისტი ექსტრემისტები თავს დაესხნენ პარიზში სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას და დახოცეს 12 ადამიანი.

XS
SM
MD
LG