Accessibility links

logo-print

დანიის პოლიციამ რეიდი ჩაატარა კოპენჰაგენში თავდასხმების შემდეგ


დანიის მედიის ცნობით, კოპენჰაგენში პოლიციამ რეიდი ჩაატარა ინტერნეტ-კაფეში იმ ადგილის მახლობლად, სადაც პოლიციელებმა მოკლეს რამდენიმე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი. როგორც მედია იუწყება, დაკავებულია, სულ ცოტა, ორი ადამიანი. ამ რეიდამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გამოაცხადა, რომ ძებნას აწარმოებს სხვადასხვა ადგილას. 14 თებერვალს კოპენჰაგენში თავდასხმები მოეწყო სინაგოგაზე და კაფეზე, სადაც მიმდინარეობდა დისკუსია გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე. დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და დაიჭრა ხუთი პოლიციელი. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პირი 22 წლის იყო, დანიაში დაბადებული და გაზრდილი. მის სახელსა და გვარს არ ასაჯაროებენ. დანიის დაზვერვის სამსახურის უფროსის, იენს მადსენის განცხადებით, თავდამსხმელი არც ამ ინციდენტებამდე ყოფილა უცნობი უშიშროების სამსახურისთვის და ის, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. მადსენი აცხადებს, რომ გამომძიებლების ვარაუდით, თავდამსხმელი ისლამისტური რადიკალიმზის გავლენას განიცდიდა. ვარაუდობენ ასევე, რომ თავდამსხმელი აპირებდა იმავე „სცენარის“ გამეორებას, როგორითაც მოქმედებდნენ გასულ თვეში პარიზში, როცა ისლამისტმა რადიკალებმა 17 ადამიანი დახოცეს, მათგან 12 - სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმისას.

XS
SM
MD
LG