Accessibility links

logo-print

პუტინის პრესმდივანი: უკრაინაზე შეთანხმება „უპირობოდ უნდა იქნეს დაცული“


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „უპირობოდ უნდა იქნეს დაცული“ შეთანხმება, რომელიც 12 თებერვალს მინსკში გააფორმეს გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა. პესკოვის ეს განცხადება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს, როგორც ჩანს, არის რეაქცია სეპარატისტების პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ზავი ყველგან ამოქმედდა დებალცევოს გარდა. კერძოდ, დონეცკელი სეპარატისტების შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელმა, ედუარდ ბასურინმა შაბათს განაცხადა, რომ მის შენაერთებს აქვთ დებალცევოსთვის სროლის უფლება, რადგან ეს „მათი ტერიტორიაა“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე შაბათს გამოაცხადა, რომ სეპარატისტებმა დებალცევოში შესვლის საშუალება არ მისცეს ეუთოს მეთვალყურეებს. ეს ინფორმაცია დაადასტურა ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმაც, ერთუგრულ აპაკანმა. მან კვირას, ონლაინ-ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ შუაღამით ზავის ამოქმედების მიუხედავად, სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა დებალცევოსა და ლუგანსკში.

XS
SM
MD
LG